ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ჩემი თანამშრომლის დაუკითხავად შემეცვალა ბლოგისთვის რეპუტაცია. ქართველების კრიტიკა ნამდვილად არ არის ჩემი მოწოდება და ყველას, ვინც საპირისპირო აზრზეა, ძალიან ვთხოვ ასე ნუ იფიქრებს. უბრალოდ ყოველთვის ხდება რაღაც ისეთი, რასაც ახალგაზრდები გამოჰყავს წყობიდან ამა თუ იმ მიზეზით, ამის შედეგი კი ამ ბლოგზე ნამდვილად ჩანს. ასევე მოვისმინე რამდენიმე მშვიდობიანი გამოხმაურება ბოლო წერილებთან დაკავშირებით და აღმოვაჩინე, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მკითხველთა უმრავლესობა მეთანხმება, ხშირად ექმნებათ ერთგვარი უხერხული მდგომარეობა, რომლის წარმოშობის მიზეზსაც ვერ ხსნიან. მართალია ამ ფენომენს ვერ ჩავწვდი, მაგრამ მე კი გასაგებად ავხსნი იმას, რომ ჩემი მიზნები მხოლოდ მშვიდობიანია.
მინდა მოგახსენოთ, რომ გარდა თქვენთვის სიმართლის ჩვენებისა და ჭეშმარიტებაზე თვალის ახელისა (ისევ პათოსი), ძალიან მინდა ასევე გაგამხიარულოთ და ოპტიმისტურად განგაწყოთ ყველაფერზე, არამარტო ჩვენს სამშობლოზე. ასე რომ თქვენის ნებართვით თუ მის გარეშე რაღაც (სავარაუდოდ ხანგრძლივი) პერიოდით შევეშვები კრიტიკას და სხვა თემებზე ვისაუბრებ, ხოლო ეს პოსტი იქნება ბოლო კრიტიკა ჩემ „შვებულებაში გასვლამდე“. ზოგჯერ საქართველოსაც შევაქებ ხოლმე, მაგრამ მის მოსახლეობას - არა. მათთვის ეს ამოსუნთქვის ზედმეტი საშუალება იქნება.
ალბათ გახსოვთ, რომ ჯერ არგასულ ზაფხულს შემოიღეს კანონი რელიგიური უმცირესობების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრაციის შესახებ. როგორც კი ამის შესახებ გამოაცხადეს ტელევიზიით, მაშინვე დავიწყე კანონის ძებნა. ახლობელი იურისტებისგან მივიღე ამონაბეჭდი გავერკვიე კანონში და დავასკვენი, რომ რელიგიურ უმცირესობებს ექნებათ დამატებითი უმნიშვნელო უფლებები და გამიკვირდა, რომ ეს მუხლი აქამდე არ იყო მიღებული. მოკლედ, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საპატრიარქოსთან დაიწყო საპროტესტო აქციები. ცხადია, დავინტერესდი, რათა გამეგო ღირს თუ არა მათი მხარდაჭერა. შევედი ინტერნეტ-ფორუმებზე და რამდენიმე გვერდზე ვნახე რას წერდნენ ამის შესახებ და თურმე აპროტესტებდნენ ზემოაღნიშნულ კანონს. Facebook-ზე ვნახე ბევრი მომიტინგის აზრი კანონთან დაკავშირებით და მათს უმრავლესობას მთელი სერიოზულობით სჯეროდა, რომ ამ კანონით რამდენიმე მართლმადიდებლურ ეკლესიას გადასცემენ გრიგორიანულ ეპარქიას. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მედია და ხელისუფლება, თავის მხრივ, დამნაშავეა იმაში, რომ ხალხს დროულად არ გააცნო კანონის შინაარსი. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთი ჭკუამხიარული, როდესაც არ იცის კანონის შინაარსი, გაზვიადებული და გაბუქებული სისულელის პროპაგანდას უნდა შეეშვას.
აი კანონი. იმედია დაწყნარდებით.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ კანონში არსადაა პუნქტი მართლმადიდებლების შევიწროვების, მათთვის ავტოკეფალიის ან ეკლესიების ჩამორთმევის და მსგავსი მარაზმების შესახებ. ჰოდა თუ მეთანხმებით ღრმად ჩაისუნთქეთ, თავი გადაწიეთ და მარაზმით დაავადებულებს ნუ უსმენთ.
ასევე გაუგებრობაა შემდეგ ფოტოსთან დაკავშირებით.
ეს არის ამონარიდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმიდან (11.07.2011). სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რატომ უნდა დაეკითხოს ხელისუფლება ეკლესიას იმაში, რაც ეკლესიას სრულებითაც არ ეხება. საუბარია სხვა რელიგიური უმცირესობების საჯარო იურიდიულ პირებად დამტკიცებაზე და არა მართლმადიდებლობაზე, არ ხდება ეკლესიის უფლებების ან თავისუფლებების ხელყოფა, აღარც იმას აყენებს ეჭვქვეშ ვინმე, რომ მართლმადიდებლობა საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის ეკლესიასთან ან საპატრიარქოსთან უშუალო კავშირში და ვერ ვხვდები, რატომ უნდა განიხილებოდეს მსგავსი თემები საპატრიარქოს მონაწილეობით.
ასევე ალბათ გახსოვთ იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივა - ჩიპიანი პირადობის მოწმობები. დარწმუნებული ვარ, ისიც გეხსომებათ, რა აჟიოტაჟი მოჰყვა ამას და როგორ აკრიტიკებდნენ მთელ ხელისუფლებას იმის გამო, რომ ხალხი იქნება „დაჩიპული“. აქ უკვე იცოდნენ, რა იყო ბიომეტრიული პასპორტი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც იქცეოდნენ და აზროვნებდნენ, როგორც გაუნათლებლები. პასპორტის საწინააღმდეგოდ დიდი ვერაფერი თქვეს (გარდა იმისა, რომ მათი საბანკო ანგარიშები მანდ ეწერება და გაკონტროლდება. პოტენციური მექრთამის აზროვნება: „რატომ უნდა აკონტროლონ ჩემი შემოსავალი?“), ასე რომ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ პასპორტებზე იქნება რიცხვი 666 (სასწაულებრივი მათემატიკური მეთოდებით გამოითვალეს ეს რიცხვი შტრიხკოდებიდან) და რომ ამ პასპორტის მიღებით გაამეფებენ ანტიქრისტეს, ეშმაკს დაემონებიან და ა.შ. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ზოგიერთ მარაზმით დაავადებულ ავანტიურისტს, ლოგიკას მოკლებული დეზინფორმაციის გავრცელებას თავი დაანებოს. თუმცა იმასაც უნდა ჰქონდეს ჭკუა ვისაც მისი სჯერა.
ვინც ასე ფიქრობს უყურეთ ამ ვიდეოს და მოუსმინეთ მოძღვარს, რათა მერე არავინ დაგაბრალოთ, რომ „დამპალ სომეხს“ აყევით.
ახლა ცოტა გავერთოთ.
ეს არის „დისკუსია“ Facebook-ის ერთ-ერთ რელიგიურ გვერდზე. ამ თემის წამომწყებს არავითარ შემთხვევაში არ ვერჩი. სასაცილო ისაა, რომ ეს თემა აქტუალურია დღევანდელ საქართველოში და მისი განხილვა 21-ე საუკუნეში მიმდინარეობს ქვეყანაში, რომელიც პრო-დასავლურადაა განწყობილი. პირსინგი (პირდაპირი თარგმანი ინგლისურიდან: გახვრეტა წვეტიანი საგნით) თუ ეშმაკისკენ მიდრეკილებაა, მე მაქვს კითხვა იმ ღრმად მორწმუნე ადამიანებთან, რომლებსაც სვირინგები აქვთ კანზე დახატული, ციხის, ან სხვა გარემო ფაქტორის პირობებში: ეს არაა ეშმაკისგენ მიდრეკილება? ესეც „პირსინგია“ თავისი გაგებით და სიტყვებს „უნდა იყო ისეთი როგორიც ღმერთმა გშობა“ ტატუირებაც არანაკლებ ეწინააღმდეგება.
ტრადიციულად, [ჩემი აზრით] ყველაზე სასაცილო მოვიტოვე ბოლოსთვის.
ნუთუ პატრიარქმა ან სხვა ვინმემ, რომ გითხრათ კანში ჩიპი ჩაიდგითო, ჩაიდგამთ? არ გეჩვენებათ, რომ ამ კატეგორიის ადამიანები მარაზმით ხართ დაავადებული?
უსაქმურიFM. ინტრიგანული რადიო. Temporarily out of order.





No comments:
Post a Comment