8.15.2011

როგორ თუ?!

ჩემი აზრით, ეს ფრაზა, სიტყვათშეთანხმება არის იდეალური სათაური ამ სტატიისთვის და ზუსტად შეესაბამება იმ საჭირბოროტო საკითხს, რომელსაც ახლა შევეხები. ვინაიდან საქართველოს საზოგადოებას სხვა ქვეყნებისაზე ბევრად უკეთ ვიცნობ, უცხოელებს არაფერს დავაბრალებ და მხოლოდ ჩემ გარშემო მცხოვრებ ხალხზე ვისაუბრებ.

ოდითგანვე ჩაუსახლდათ საქართველოს მოქალაქეებს ერთგვარი მეამბოხე სული. „როგორ თუ?!“ ეს არის ადამიანებში ათწლეულების განმავლობაში გამჯდარი მუდმივი პროტესტის დაუოკებელი გრძნობა, რომელიც უფრო ნერვულ წიკს ან გათამამებული ბავშვის ახირებას ჰგავს. ამ კატეგორიაში შემავალი ინდივიდების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ყველაფერი ის, რასაც მათთვის ფინანსური ან მორალური სარგებლობა არ მოაქვს, არის უაზრო, უმიზნო, უმიზეზო და საერთოდაც სულელური მოქმედება.

მინდა გითხრათ, რომ კეთილდღეობა ზოგადად კარგი რამაა, სრული ფინანსური უზრუნველყოფაც არაა ცუდი და ყოველგვარი საყოფაცხოვრებო პრობლემის დავიწყება და გულხელდაკრეფილი არსებობა იმ სახსრებზე, რომლებიც „თავისით მოდიან“, ხომ საერთოდ მშვენიერია. მაგრამ თუკი ჩვენ მართლაც ვართ და გვაქვს პრეტენზია შემდგომშიც ვიყოთ სრულფასოვანი საზოგადოება, უნდა მოვიქცეთ შესაბამისად: პირნათლად ვიმუშაოთ და ე.წ. „ლევი ფულის“ და ქრთამის აღებას გადავეჩვიოთ, ვიარსებოთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც და დავეხმაროთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ერთმანეთის აზრი, რათა თავი ავარიდოთ შესაძლო გაუგებრობას საზოგადოებაში.

არ მსურს ზემოთ დასახელებული „ფენომენის“ მცირე და უმნიშვნელო გამოვლინებების აღნიშვნა, ამიტომ განვიხილავ ყველაზე მასშტაბურ და ყველასათვის ცნობილ გამოხატულებას:

ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა.

დაახლოებით ასე ჟღერს სიტყვა „ხელისუფლების“ განმარტება დღევანდელ, ქართულ საზოგადოებრივ ლექსიკონში: ასევე ცნობილი როგორც: კაცის მკვლელები, ქვეყნის დამაქცეველნი. მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებენ ზონდერ-ბრიგადების მეშვეობით. თავისუფალ დროს ხალხს პარავენ პურის ფულს და ართმევენ საცხოვრებელ ბინებს. ხელისუფლების ლიდერი არის შიზოფრენიკი და დიქტატორი.

მე კი განვმარტავდი ასე: ქვეყნის სათავეში მყოფ პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა ჯგუფი. საზოგადოების აგრესიისა და პროტესტის ყველაზე ხშირი სამიზნე. ხელისუფლების ლიდერს სამწუხაროდ არ ვიცნობ და მასზე ვერაფერს ვიტყვი (თუმცა არც ისინი იცნობენ, ვინც გიჟს უწოდებს).

განსხვავება ამ ორ თვალთახედვას შორის დიდია. თუმცა ამ აზრების მომხრეები მხოლოდ ერთი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პირველი აზრის მქონე ადამიანს არ აქვს უნარი საკუთარ თავს დააბრალოს პრობლემები და გასაჭირი, ხოლო მეორე - პირიქით, მხოლოდ საკუთარ თავში ეძებს გადაჭრის გზებს. დამეთანხმებით და ახლა უკვე ნათლად ჩანს, რომელი თვალთახედვაა საზოგადოებრივი ეგოიზმისა და უპასუხისმგებლობის წარმონაქმნი და რომელი სამართლიანობაზე დაფუძნებული აზრი.

ხალხის დიდ ნაწილს არ მოსწონს ხელისუფლების მიერ შემოღებული კანონები, მაშინ, როდესაც ოდნავ გარკვეულიც კი არ არიან მასში. მაგალითად, ახლახანს მიღებული კანონი რელიგიურ უმცირესობათა საჯარო იურიდიულ პირად გამოცხადების შესახებ. დღესაც ვერ მიპოვია ამ კანონში პუნქტი სადაც წერია, რომ რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია გრიგორიანელებს გადაეცემათ, ან თუნდაც ის, რომ მართლმადიდებლობა აღარ იქნება წამყვანი რელიგია საქართველოში. ასევე საზოგადოების ნაწილს არ სიამოვნებს ქალაქის ინფრასტრუქტურის მშენებლობა ან დეკორატიული ელემენტებით შემკობა, რადგან, როგორც იუწყებიან: „ინფრასტრუქტურა საკვები არაა!“ (ანუ „ასფალტი ვჭამოთ?!“)

ის, ვისაც რაღაც არ გააჩნია მაგრამ სურს ჰქონდეს, ყოველთვის იპოვის ვის დააბრალოს უქონლობა. კი, ნამდვილად, ასე უფრო მარტივია ცხოვრება, გეთანხმებით. მაგრამ არის თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება კეთილსინდისიერი? შეიძლება მუდმივი უკმაყოფილებისა და ჩივილის წყალობით მოპოვებული გროშების ხარჯზე არსებობა, თუ ბოლოსდაბოლოს, როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრს შეეფერება, პირნათლად მუშაობა სჯობს? სამწუხაროა, რომ ამდენი კითხვა, რომელზეც ბევრმა ადამიანმა იცის პასუხი, ხალხში მაინც რიტორიკულად და, როგორც წესი, უადგილოდ მიიჩნევა. თუმცა მათგანაც ისმის კითხვები: „როგორ თუ გვშია?!“, „როგორ თუ გვწყურია?!“ და ა.შ.

2 comments:

  1. ნინო8/15/2011 7:37 PM

    და ერთს დავამატებ :) ყველა მიდგა და მთავრობას აბრალებს ყველაფერს. მე კი ვიტყვი რომ ისინი ჩვენი საზოგადოების გამოზრდილები არიან და იქნებ ყველამ თავსი თავში ეძებოს პრობლემა? ერია ესეთი გაუნათლებელი და უსამართლო და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფი. როგორი საზოგადოებაც გვყავს ისეთი იქნება საქართველოში ნებისმიერი სფერო თუ მთავრობა :)

    ReplyDelete
  2. ნინო, მართალია :) ჩვენს უსუსურობასა და სიზარმაცეს არ ვაღიარებთ და მთავრობას ვაბრალებთ. ასე ხომ უფრო მარტვია ცხოვრება?!

    ReplyDelete