9.09.2011

ხოტბის „შეწუწება“

დავბრუნდი! ბევრმა თქვენგანმა იცის, რაოდენ მწარეა ჩემი კრიტიკა. კი, ნამდვილად ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ, თითქოს სტატიის წერის დროს ენა წიწაკაში მაქვს... მაგრამ რას ვიზამთ? მხოლოდ ეს ხვდება ხალხს გულზე. მხოლოდ კონსტრუქციული დაცინვით ვახერხებ თქვენი ყურადღების მიქცევას, რასაც, ვიცი, არც ისე კარგი რექცია მოჰყვება და, გარკვეულ წილად, ჩემს მთავარ მიზანსაც არ ასრულებს, მაგრამ რიგ-რიგობით ერთს მეორისთვის ვთმობ ხოლმე და ბოლოს კი გამოდის რაღაცა...

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წინასწარ არ ვიცი, რამდენად საინტერესო გამოვა სტატია. ამჯერად მოვინდომე ცოტა უფრო მხატვრულად დამეფიქსირებინა აზრები და დამოკიდებულება სხვადასხვა რამეებთან. ალბათ უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები გახსენდებათ, რომელშიც ავტორები აქებენ სამშობლოს, მაგრამ ასევე არ დაგვავიწყდეს კრიტიკის გამოვლინებები ქართულ მწერლობაში. ამ ორი მიმართულების ათქვეფის შედეგად, მეც მომინდა ორიგინალური გზით კრიტიკა წარმოვაჩინო ქებაში. შემოგთავაზებთ ჩემეულ, ხოტბის „შეწუწებას“:


მიყვარს ჩემს ქვეყანაში ახალგაზრდობა და მისი საქმიანობა, მათ შორის:

  • ქურდული გარჩევები და მენტალიტეტის პროპაგანდა;
  • სტერეოტიპი სახელად „პოლიციელები = ძაღლებს, მაგრამ, როდესაც ჩემგან მოპარულს მიბრუნებენ კარგი ბიჭები არიან“;
  • ქუჩაში გადაფურთხება და ნაგვის უმისამართოდ სროლა (დაყრას რაღა უჭირს? ვიღაცას სახეში რომ შეაფეთებ?!...);
  • ავტობუსში კონტროლიორებთან დავა (ჩხუბი, ცემა-ტყეპა, გინება) მაშინაც კი, როდესაც ბილეთი შეძენილი აქვთ;
  • ყოველ ქორწილში, გამონაკლისის გარეშე, ჩხუბი დასისხლიანებამდე;
  • და კიდევ მრავალი, მრავალი სხვა...


ასევე არ მივცემ თავს უფლებას, საზოგადოების უფრო ასაკოვანი ფენა გამოვტოვო:


  • ბავშვებისთვის რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების თავს მოხვევა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდების იძულება, რომ ადგილი დაუთმონ (ეს მაგარია ძალიან... მე მაინც ვერ მტეხავენ ხოლმე!);
  • უსაქმურობა (ოჯახური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად);
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გინება, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა.
  • მეუღლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (ეს მამაკაცებს ეხებათ უმეტეს წილად);
  • აქაც აღარ დავწვრილმანდები...


ახლა კი გართობის მიზნით მოგიყვებით ამბავს, რომელიც მოხდა ავტობუსში. სათაური - „ქალაქი ითრევს“ A.K.A. „ჩვენ შორის ჩამოსულის დედაც!“, ავტორი - უსაქმურიFM, მოქმედების ადგილი - „Богдан A092“ ტიპის ავტობუსი.

საქმე იყო შემდეგნაირად: ერთ-ერთ გაჩერებაზე, ჩვეულებისამებრ, ამოვიდა კონტროლიორი, რაღა თქმა უნდა, ბილეთების შემოწმება ჰქონდა მიზნად. როდესაც ყველას ბილეთი შეამოწმა მივიდა ორ, უკანა სკამზე მჯდომ შუა ხნის მამაკაცთან, რომლებიც შეფიქრიანებული მეჩვენენ. მოწიწებით სთხოვა ერთ-ერთს, რომ ეჩვენებინა ბილეთი. მას ხელში არაფერი ჰქონდა, ბილეთები ეჭირა მეორეს, თუმცა არცერთი არ იღებდა ხმას და არ აქცევდა ყურადღებას. კონტროლიორმა რამდენიმეჯერ გაუმეორა, რაზეც მეორე მამაკაცმა, რომელსაც ბილეთი ეჭირა აღშფოთებული ხმით პასუხობს: „აჰა, აი! მაქვს, მაქვს! რა გინდა?! ჰა, აიღე! შეამოწმე!“. კონტროლიორმა რა კი შეამჩნია მისი აღელვება, მოუწოდა დამშვიდებისაკენ. თუმცა ის არ დამშვიდდა. არც ტონი შეიცვალა, გააგრძელა ჩხუბი. ამ შემთხვევაში, უკვე კონტროლიორმაც ჩხუბით უპასუხა: „რა გაყვირებს შენ, ბიჭო?! რამე ხომ არ გეშლება?! აბა ერთი ჩამოეთრიე დაბლა! შე ყანა! ჩამოთრეულო!“.

მინდა გითხრათ, ეს მამაკაცები პროვინციელებს მართლაც ჰგავდნენ და ეს მხოლოდ მე არ შემიმჩნევია, თუმცა კონტროლიორის მიერ ამის შეურაცხყოფად გამოყენება გამიკვირდა და, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებდა: მის რაიონულ წარმოშობაზე.

ყოველივე ამის შემდეგ მამაკაცთაგან ერთ-ერთმა (ვინც ჩხუბი წამოიწყო) დედა შეაგინა კონტროლიორს, რაზეც ამ უკანასკნელმა კვლავ „ჩამოთრევის“ ბრძანებები და „სოფლელოს ტიპის“ შეძახილები მიახალა. ჩაირთო საუბარში ერთ-ერთი ქალიც, რომელიც არ გასცდა პროვინციულ თემას და ისევ „ახარა“ მამაკაცებს მათი წარმოშობით გამოწვეული „უბადრუკობა“. ჩემი ზემოთ ხსენებული საფუძვლიანი ეჭვი ერთ-ერთმა მამაკაცმა გააჟღერა და უთხრა კონტროლიორს, რომ ის ალბათ მთავარი ჩამოსულია და ამიტომ ყვირის ამდენს, საპასუხოდ კი ყვითელმაისურიანმა მიუგო: „ჩვენ ორს შორის ჩამოსულის დედაც!“.

ხელჩართული ჩხუბის გარეშე სიტუაციას არ ჩაუვლია. თითო დარტყმა: ერთი - კონტროლიორს სახეში, მეორე - ერთ-ერთ მამაკაცს ფეხში. საბოლოოდ კონტროლიორი ჩავიდა და გაეცალა იქაურობას. შემდეგ ერთ-ერთმა მამაკაცმა გადაინაცვლა წინა სკამზე და დაუწყო საქმის გარჩევა იმ ქალს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა. აქაც არც ისე ცოტა ხანს გრძელდებოდა კამათი, კერძოდ, ბოლო გაჩერებამდე.


მოკლედ,

მორალი #1: სამივე იდიოტია. პირველი იმიტომ, რომ კონტროლიორს არ აქვს ადამიანის შეურაცხყოფის უფლება არც ერთ სიტუაციაში, თუნდაც საპასუხოდ. მეორე იმიტომ, რომ როდესაც ბილეთს გთხოვენ კეთილი ინებე და აჩვენე და უზრდელურად ნუ პასუხობ. მესამე იმიტომ, რომ... ბრძანდებოდეთ, ქალბატონო, თქვენს ადგილზე და ნუ ერევით იქ სადაც არ გეკითხებიან არაფერს, ანუ მომბაძეთ მე.

მორალი #2: ხალხო, გამაგებინეთ რატომ გახადეთ ეს თბილისი ქრისტეს პერანგი? რატომ მიისწრაფით „აქაურობისკენ“? განა ეს ასეთი კარგი ადგილია? რა ვიცი, მე ჯერ არაფერი შემიმჩნევია აქ ისეთი, რომ ქალაქელობას ესე აქტიურად მივდევდე, არა იმიტომ, რომ რაიონიდან ვარ, არამედ იმიტომ, რომ, პირადად ჩემი აზრით, თბილისზე უარესი კლოაკის მოფიქრება საქართველოს პირობებში ძალიან რთულია. იფიქრეთ ამაზე რაიონიდან ჩამოსულებო. იქნებ მაინც რაიონი ჯობია?


მუდამ თქვენი,

უსაქმურიFM. ინტრიგანული რადიო.

No comments:

Post a Comment